30 ივლისს ჩვენს ცენტრს ეწვია APHP-ს (Siège de l’Assistance Publique – Hôpitaux de Paris)  წარმომადგენელი – ბ-ნი ჟან-ელ მალკინი. ის “5%-ი ინიციატივის” პროექტის სამედიცინო კოორდინატორია ერთ-ერთი პარტნიორის მხრიდან. ბ-ნი მალკინის ვიზიტის მიზანია გაეცნოს ცენტრის აქტივობებს ტუბერკულოზის მენეჯმენტის კუთხით  და, ასევე შეხვდეს სპეციალისტებს, რომლებიც  სექტემბერში   ტრენინგზე მიემგზავრებიან პარიზის კლინიკებში.

კოლაბორაციის შესახებ ინფორმაცია:

ექსპერტიზ ფრანსის“ და გლობალური ფონდის „5% -იანი ინიციატივის“ ფარგლებში დაგეგმილი ქართულფრანგული კოლაბორაცია და პროექტი

მოგახსენებთ, რომ საფრანგეთის სოციალურ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საგარეო საქმეთა დელეგაციის უშუალო მხარდაჭერით, ე.წ. 5 პროცენტიანი ინიციატივის ფარგლებში 2017 წლის მარტიდან 3 წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელდება სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“-ს მიერ წარდგენილი და 35 განაცხადს შორის გამარჯვებული პროექტი. პროექტის მიზანი გახლავთ საქართველოს ტუბერკულოზის პროგრამაში ახალი სამკურნალო რეჟიმების დანერგვის პარალელურად, ტუბერკულოზის მულტირეზისტენტული და ზემდგრადი ფორმების დიაგნოსტიკის და კლინიკური მართვის გაუმჯობესება, აგრეთვე რეზისტენტული ტუბერკულოზის ტრანსმისიის და მისი მახასიათებლების  შესწავალა.

პროექტს აფინანსებს ფრანგული ორგანიზაცია „ექსპერტიზ ფრანსი“ (Expertise France) და მისი ჯამური ღირებულება შეადგენს 1 600 000 ლარს (669 000 ევროს). პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას იღებს ე.წ. კონსორციუმი, რომელიც შედგება შემდეგი წევრებისგან: ტფდეც -საქართველო, და ფონდი მერიუქსი – ლიონი, საფრანგეთი. ასევე პროექტის ფარგლებში დაგეგმილი გარკვეული აქტივობების განხორციელებისათვის საჭირო სერვისს გასწევს APHP -პარიზი, საფრანგეთი. სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრსა“ (ტფდეც) და დონორ ორგანიზაციას შორის საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2017 წლის მარტში. ამ ხელშეკრულების თანახმად, ტფდეც წარმოდგენილია როგორც  ძირითადი მიმღები (პრინციპული რეციპიენტი), ხოლო ფონდი მერიუქსი – ლიონი როგორც პროგრამის ქვეკონტრაქტორი (სუბრეციპიენტი). პროექტის ფარგლებში აქტივობების განსახორციელებლად გარკვეული სერვისის შემსყიდველი კი იქნება APHP -პარიზი, საფრანგეთი. ფრანგული ორგანიზაცია APHP აერთიანებს შემდეგ სამკურნალო და სადიაგნოსტიკო სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს: პარიზის სახალხო საავადმყოფო, პიტი-სალპეტრიერის საავადმყოფო, ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია, ეროვნული მიკობაქტერიოლოგიური რეფერენს ლაბორატორია და პარიზის ინფექციური და ტროპიკული დაავადებების ცენტრი. სწორედ ამ ორგანიზაციაში ექნებათ ტფდეც-ს თანამშრომლებს სატრენინგო კურსები.

განსახორციელებელი პროექტი გულისხმობს საქართველოს ტუბერკულოზის პროგრამისთვის უპრეცედენტო მასშტაბის ადამიანური რესურსის განვითარებაზე ორიენტირებულ სამწლიან აქტივობას, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ქართველი ფთიზიატრებისა და მიკრობიოლოგების ხანგრძლივი ვადიანი ტრენინგები პარიზის ზემოთხსენებულ კლინიკებსა და რეფერალურ ლაბორატორიებში, კერძოდ ორი ექიმის 3-3 თვიანი ტრენინგი და ორი მიკრობიოლოგის 4-4 თვიანი ტრენინგი; აგრეთვე დაგეგმილია ფრანგი კოლეგების მიერ საქართველოში მყოფ ექიმებთან ერთად დისტანციური ტელეკონსილიუმების მოწყობა, ქვეყნის ფთიზიატრების ადგილზე განსწავლა და მონიტორინგი. სწავლების მიზანს წარმოადგენს ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის და მკურნალობის ფრანგული მოდელის დანერგვა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის მკურნალობის ოპტიმალური დოზების შერჩევა, თანმხლები არასასურველი მოვლენების მართვა, ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალი ტუბ-საწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართ მგრძნობელობის დადგენის სტანდარტიზებული მეთოდის შესწავლა და დანერგვა საქართველოს რეფერენს მიკობაქტერიოლოგიურ ლაბორატორიაში.

აღსანიშნავია, რომ ტფდეც-სა და ფრანგული ორგანიზაცია APHP-ს შორის ტრენინგების ჩატარების შესახებ საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2018 წლის 15 მარტს. ჩვენს ცენტრთან აქტიურად თანამშრომლობენ  ორგანიზაცია APHP-ის წარმომადგენლები: ორგანიზაციის პრეზიდენტი – ბ-ნი დიდიერ ჰოუსინი, პროექტის მენეჯერი – ქ-ნი ჯესიკა მიშელი, ასევე პროექტის სამედიცინო პერსონალი – ბ-ნი ჟილ ბრუკე, პროფესორი ერიკ კაუმესი და ექიმი ვალერი პურჩერი.

ცენტრის ერთ-ერთი ექიმი – ქ-ნი ლია ტრაპაიძე უკვე გაემგზავრა საფრანგეთში ზემოთ აღნიშნული სამ თვიანი ტრენინგ-კურსის გასავლელად. ქ-ნი ლია ტრენინგს გადის სალპეტრიეს საუნივერსიტეტო (Hôpital Universitaire Pitié Salpêtrière) ჰოსპიტალში ინფექციური და ტროპიკული დაავადებების დეპარტამენტში ფრანგ კოლეგებთან ექიმ ვალერი მარტინესთან, ექიმ ქოინიერსა და ექიმ რალიხტთან ერთად. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საავადმყოფო არის ერთადერთი დაწესებულება მთელ საფრანგეთში, სადაც ჰოსპიტალიზებულია მულტი და ზემდგრადად რეზისტენტული ტუბერკულოზის მქონე პაციენტები. საქართველოდან წარგზავნილი ექიმი აქტიურ მონაწილეობას იღებს ექიმთა კონსილიუმებში, სადაც ხდება გამოცდილების გაზიარება ფრანგ კოლეგებთან. მეორე ექიმი და მიკრობიოლოგები(2) კი აღნიშნული პროექტის ფარგლებში ტრენინგ-კურსის გასავლელად ტფდეც-დან საფრანგეთში გაემგზავრებიან 2018 წლის სექტემბერში.

პროექტის მიმდინარეობის მეორე და მესამე წლის განმავლობაში მოხდება საქართველოში ადგილობრივი ტრენინგების ჩატარება ტფდეც-ის თანამშრომლებისათვის. აღნიშნულ ტრენინგებს გაუძღვება საფრანგეთში დატრენინგებული პერსონალი.

ტფდეც ასევე თანამშრომლობს პროექტის ფარგლებში ცენტრის ქვეკონტრაქტორთან – ფონდთან მერიუქსი – ლიონი. ფონდ მერიუქსთან ერთად ცენტრის თანამშრომლები ახორციელებენ სამეცნიერო კვლევას, რომლის ძირითადი მიზანია ტუბერკულოზის ინფექციის ტრანსმისიის განსაზღვრა პაციენტსა და მის კონტაქტებს შორის.

საბოლოოდ, პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები ხელს შეუწყობს ტუბერკულოზის მულტირეზისტენტული და ზემდგრადი ფორმების დიაგნოსტიკის და კლინიკური მართვის გაუმჯობესებას, აგრეთვე რეზისტენტული ტუბერკულოზის ტრანსმისიის და მისი მახასიათებლების  შესწავალას.