ადრეული და ზუსტი დიაგნოსტიკა გადამწყვეტია ტუბერკულოზის ეფექტური კონტროლის განსახორციელებლად.  ტუბერკულოზის დიაგნოსტიკური ტექნოლოგიების მნიშვნელოვანი პროგრესი  ბოლო ათწლეულის გლობალურ მიღწევას წარმოადგენს. ჯანმოს რეკომენდაციაა DR-TB-ის მაღალი ტვირთის მქონე ქვეყნებში, საქართველოს ჩათვლით, დაინერგოს და ფუნქციონირებდეს დიაგნოსტიკის ახალი სწრაფი ტექნოლოგიები, რომლებიც იძლევა ტუბერკულოზის დროული დადასტურების, წამალ-რეზისტენტობის აღმოჩენის და მკურნალობის სწორი რეჟიმის შერჩევის საშუალებას, და ამგვარად ამცირებს რეზისტენტობის შემდგომი ზრდის რისკს.

გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველოში მიმდინარეობდა ტუბერკულოზის ლაბორატორიული ქსელის უწყვეტი მოდერნიზაცია და რესტრუქტურიზაცია, რათა ის შესაბამისობაში ყოფილიყო ტუბერკულოზის ეპიდემიის ახალ გამოწვევებთან, საერთაშორისო სტრატეგიებთან და მართვა/ხელმძღვანელობასთან, და ეროვნული ჯანდაცვის სისტემის განვითარების პრიორიტეტებთან. ამ მიმართულები განსაკუთრებული როლი აკისრია ეროვნულ რეფერალურ ლაბორატორიას (NRL), რომელიც ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნიული ცენტრის ბაზაზე  სრული დატვირთვით ფუნქციონირებს  და უწყვეტად  აწარმოებს გარე ხარისხის  კონტროლს წამლის მიმართ მგრძნობელობის ტესტირებისთვის ანტვერპენის (ბელგია) სუპრა-ნაციონალურ რეფერალურ ლაბორატორიაში, ასევე ხარისხის უზრუნველყოფას, ზედამხედველობას და პოტენციალის განვითარებას ქვეყნის უფრო დაბალი დონის ლაბორატორიებისთვის. დღეისათვის ლაბორატორიაში მუშაოს 6 სამეცნიერო კვლევა, მათ შორის სამი მულტიცენტრული კლინიკური კვლევა.~ლაბორატორია ახდენს სპეციალისტების გადამზადებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. ამჟამად ლაბორატორიაში კვალიფიცირდება ოთხი რეზიდენტი

ტუბერკულოზის ეროვნული რეფერენს ლაბორატორია ახორციელებს ტუბერკულოზის და წამალ-რეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოსტიკური ღონისძიებების სრულ სპექტრს, როგორიცაა:

Xpert MTB/RIF ტესტი,

ნაცხის მიკროსკოპია,

კულტურა მყარ და თხევად საკვებ ნიადაგზე,

წამლის მიმართ მგრძნობელობის ტესტირება პირველი და მეორე რიგის ტუბ-საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ ავტომატური მიკობაქტერიის ზრდის ინდიკაციის მილის [MGIT]

გენეტიკური [LPA:] მეთოდები.

აღსანიშნავია, რომ სხვა ტექნოლოგიების გვერდით, დანერგილი Xpert MTB/RIF ტესტი, რომლის მგრძნობელობა, სპეციფიკურობა და დიაგნოსტიკური ღირებულება განსაკუთრებით მაღალია ფილტვის ტუბერკულოზის შემთხვევაში. უშუალოდ ტუბერკულოზის გამოწვევის მიკობაქტერიის იდენტიფიცირების გარდა, იძლევა რიფამპიცინზე რეზისტენტობის დადგენის საშუალებას, რაც წამალმდგრადი ფორმების გამოვლენისა და სწორი მკურნალობის შერჩევისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ტუბერკულოზზე სავარაუდო ყველა პაციენტის ტესტირება ხორციელდება XpertMTM/RIF ტესტით, როგორც პირველადი საწყისი ტესტი და გრძელდება  ყველა გამოვლენილი შემთხვევის შემდგომი, სწრაფი და სრული გამოკვლევა წამალრეზისტენტობაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ XpertMTM/RIF ტესტით, მხოლოდ სავარაუდო შემთხვევების გამოკვლევა კი არ ხდება, არამედ ყველა პაციენტი, ნებისმიერი რესპირატორული ჩივილით, თუ ახველებს და შესაძლებელია ნახველის ნიმუშის აღება, გამოიკვლევა XpertMTM/RIF ტესტით,

FAST სტრატეგიის ფარგლებში, ანუ პაციენტების მხოლოდ პასიური კი არა, აქტიური გამოვლენაც ხორციელდება ჩვენი ცენტრის ბაზაზე.

გლობალური ფონდის ხელშეწყობით, ლაბორატორიული სახარჯი მასალების უწყვეტი მოწოდება უზრუნველყოფილია ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ყველა მეთოდისთვის. 2017 წლიდან სახელმწიფო დაფინანსებით უზრუნველყოფილია ბაქტერიოსკოპული და მყარ ნიადაგზე კულტურალური გამოკვლევისთვის რეაქტივები და სახარჯი მასალები.

უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ნიმუშების ტრანსპორტირების სისტემა. 2016 წლიდან საქართველოს ფოსტა ნიმუშებს გადატანას ახდენს ყოველდღიურად (საჭიროებისამებრ), რაც ხელს უწყობს დიაგნოზის სწრაფად დადგენასა და გამოვლენილი პაციენტების ჩართვას მკურნალობის შესაფერის რეჟიმში. ნიმუშების ტრანსპორტირების სისტემის გაუმჯობესების შედეგად გაორმაგდა სწრაფი დიაგნოსტიკისთვის თხევადი საკვები ნიადაგის გამოყენება (2014 წლის 40%-დან 2016 წლის ბოლოსთვის 80%-მდე).

თანამედროვე საერთაშორისოდ რეკომენდებული დიაგნოსტიკური სტრატეგიების დანერგვის პარალელურად, განახლდა და ახალ დიაგნოსტიკურ ალგორითმებთან შესაბამისობაშია მართვის დღევანდელი სისტემა და ლაბორატორიების ოპერაციული პროცედურები.

რეფერენს ლაბორატორია წარმატებით თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან შემთხვევათა გამოვლენის და დიაგნოსტიკის საკითხებში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში  მნიშვნელოვანი დახმარება მივიიღეთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, აღჭურვილობისა და მარაგების, ტექნიკური დახმარების, პოტენციალის განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში. განხორციელდა ეროვნული რეფერალური ლაბორატორიის ფიზიკური ინფრასტრუქტურის მოდერნიზება (ახალი შენობა დასრულდა 2018 წელს).  იგეგმება ეროვნული რეფერალური ლაბორატორიის პოტენციალის შემდგომი განვითარება, რის შედეგად ის იქცევა ტუბერკულოზის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის ყველაზე თანამედროვე რეფერალურ ცენტრად, რომელსაც ექნება ეროვნული საჭიროებების სრული სპექტრის დაკმაყოფილების და ამ სფეროში უმაღლესი დონის საერთაშორისო თანამშრომლობაში წარმატებით მონაწილეობის   უნარი. ეროვნული რეფერალური ლაბორატორია გააძლიერებს ხარისხის კონტროლის და ხარისხის უზრუნველყოფის ფუნქციას  ტუბერკულოზის ყველა ლაბორატორიისთვის ქვეყანაში.