2017 წლის 27 ოქტომბერს, 16:00 სთ, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის რეფერალური ლაბორატორიის შენობაში გაიმართა პროფესორ ლამარა ვაშაკიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქალაბატონი ლამარა ვაშაკიძე ათწლეულების მანძილზე თავდაუზოგავად შრომობდა და მოღვაწეობდა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში და წარმატებულად ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფთიზიატრია-პულმონოლოგიის დეპარტამენტს.
უზომოა ქ-ნ ლამარას ღვაწლი ტუბერკულოზთან ბრძოლის ეროვნული პროგრამის, როგორც ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო პროგრამის განვითარების ისტორიაში. დარგის გულშემატკივარ ადამიანებთან ერთად ქ-ნ ლამარა მუხლჩაუხრელად იდგა სიახლეების სადარაჯოზე მაშინ, როცა ფართო ქსელში ტუბერკულოზის გამოვლენის და ქვეყნის მასშტაბით ტუბერკულოზის უშუალო მეთვალყურებით მკურნალობის პრინციპები ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაში იყო, როცა რეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა, თუ მკურნალობა ჯერ კიდევ დიდი ცოდნის და კლინიკური პრაქტიკის დაგროვებას საჭიროებდა.
ქ-ნი ლამარას უშუალო ხელმძღვანელობით საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე მეთოდოლოგიით სტუდენტთა, რეზიდენტთა და ახალგაზრდა ფთიზიატრთა სწავლებას. გახლდათ ათეულობით სასწავლო პროგრამის, მ.შ. სარეზიდენტო პროგრამების ავტორი და განმახორციელებელი. ქ-ნი ლამარა სათავეში ედგა საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციას, რომელმაც სხვა უამრავ საქმესთან ერთად იზრუნა არაერთი თაობის პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაზე.
საქართველოს ფთიზიტრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფთიზიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო-პედაგოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლამარა ვაშაკიძე ათეულობით უახლესი, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პროექტის და გრანტის განმახორციელებელი იყო. ის ასზე მეტი სტატიის ავტორია. საერთაშორისო ფორუმებზე, კონფერენციებსა, თუ კონგრესებზე წარდგენილი აქვს ათეულობით პოსტერული და ორალური პრეზენტაცია. ქ-ნი ლამარას ხელმძღვანელობით დაიწერა და გამოიცა ბოლო 30 წლის ბევრი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო, მონოგრაფია, გზამკვლევი თუ გაიდლაინი.
თითოეულ ამ, საკმაოდ რთულ და შრომატევად საქმეს ქ-ნი ლამარა ჩვეული ენერგიით და ხალისით უძღვებოდა და სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ახლის ძიების, მიღწეულით არდაკმაყოფილების, საკუთარი და კოლეგების კიდევ უფრო მეტად სრულყოფის და პროფესიული ზრდის რეჟიმში დაუღალავად მუშობდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Post comment