ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის, დაავადებათა პრევენციის და კონტროლის ევროპის ცენტრის და ტუბერკულოზის ფონდის (KNCV) ორგანიზებით 2019 წლის 13-17 მაისს ჰააგაში ჩატარდა ტუბერკულოზის და აივ/შიდსის გაერთიანებული კონფერენცია და ვოლფჰეიზის ტრადიციული სამუშაო შეხვედრა, რომელზეც განხილულ იქნა ქვეყნებში ტუბერკულოზის და აივ/შიდსის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა; C ჰეპატიტთან ერთად ამ ორი ინფექციის ერთდროული სკრინინგის და ინტეგრირებული მკურნალობის შესაძლებლობები; ტუბერკულოზის, მ.შ. ლატენტური და ბავშვთა ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის და მკურნალობის უახლესი რეკომენდაციები; ტუბერკულოზის და აივ/შიდსის პაციენტზე ორიენტირებული მართვის უახლესი მიდგომები; ტუბერკულოზის ბაზისური, კლინიკური და ოპერაციული კვლევის პრიორიტეტული სფეროები და დაავადების საბოლოოდ დამარცხების გზები.

კონფერენციასა და სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს მხარე ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ზაზა ავალიანმა წარმოადგინა. მან დამსწრე საზოგადოებას ქვეყანაში ტუბერკულოზის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებით, ყველა ფორმის ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის და მკურნალობის ინოვაციური მიდგომების დანერგვით და წარმატებული სამეცნიერო კვლევებით მიღწეული შედეგები გააცნო.  აშკარად გამოიკვეთა, რომ ტუბერკულოზის მართვის მნიშვნელოვან საკითხებში საქართველო უსწრებს სხვა პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებს და რეგიონში ლიდერი ქვეყნის პოზიციას დამსახურებულად ინარჩუნებს.