ცენტრის თანამშრომლებში  დიდი უკმაყოფილება გამოიწვია სიუჟეტმა, რომელიც ეხებოდა საქართველოს ჯანდაცვაში არსებულ პრობლემებს და ერთ-ერთ ნეგატიურ მაგალითად მოყვანილ იქნა  პაციენტ გიორგი ცეცხლაძის ისტორია. გიორგი ცეცხლაძე ეთერში ჩაერთო საფრანგეთიდან და ისაუბრა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევისას  საქართველოში დაშვებულ შეცდომებზე;  კერძოდ, აღნიშნა, რომ საქართველოში მას  ლიმფური კვანძების (როგორც თვითონ მიუთითებდა – „ჯირყველების“) ბიოფსიური მასალის მორფოლოგიური კვლევით დაესვა ლიმფომის დიაგნოზი, რომელიც თურქმა ექიმებმაც დაადასტურეს; შემდეგ იგი წავიდა საფრანგეთში, სადაც  დიაგნოზირებულ იქნა ტუბერკულოზი და მას დღეს უტარდება ანტიტუბერკულოზური მკურნალობა. ამასთან,  გ. ცეცხლაძემ  ხაზი გაუსვა, რომ გამოკვლეული იყო ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, სადაც ტუბერკულოზის დიაგნოზი გამოირიცხა.

გ.ცეცხლაძის  ისტორიაზე მსჯელობისას აუცილებელი იყო,  რომ მისი შემთხვევა  არ გაშუქებულიყო  ცალმხრივად და გადაცემაში მიწვეული ყოფილიყო ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელიც, თუმცა, სავარაუდოდ,  ამ  შემთხვევაში პაციენტის ისტორია მოკლებული იქნებოდა სენსაციურობას და ფართო საზოგადოებაში არ გამოიწვევდა უნდობლობას  ქართული მედიცინის, კერძოდ კი, ფთიზიატრიული ქსელის მიმართ.

ჩვენ მკაცრად ვიცავთ კანონს პაციენტთა უფლებების შესახებ, რომელიც გულისხმობს ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გაუცემლობის ვალდებულებას პაციენტის თანხმობის გარეშე; ვინაიდან გ. ცეცხლაძემ თვითონ ღიად ისაუბრა თავისი დაავადებების შესახებ, უფლებას ვიტოვებთ,  ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ . ცეცხლაძეს ჩვენს ცენტრში  დიაგნოზირებული აქვს ბაქტერიოლოგიურად დადასტურებული ფილტვების ტუბერკულოზი, რაც თავისთავად არ გამორიცხავს ტუბერკულოზთან ერთად ლიმფომის თანაარსებობას  (ამასთან, თუ ყურადღებით  მოვუსმენთ გ. ცეცხლაძის ჩანაწერს, მისი საუბრიდან ჩანს, რომ სიმსივნური პათოლოგიის არსებობის შესახებ კვლევები ჯერ არ არის დასრულებული) . ამასთან ერთად, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით  დაპირისპირებას ნებისმიერ პაციენტთან – ამ შემთხვევაში გ. ცეცხლაძესთან მიმართებაში, რამდენადაც ის ვერ გამოდგება სანდო სამედიცინო ექსპერტად თუნდაც საკუთარ შემთხვევასთან დაკავშირებით;  არა თუ რიგით მოქალაქეს, არამედ სამედიცინო სფეროს სხვა დარგების მუშაკებსაც გაუჭირდებათ მსჯელობა ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის სხვადასხვა ნიუანსებზე, თუნდაც დიაგნოსტიკის ვადებთან მიმართებაში (მაგალითად, ბაქტერიოლოგიური კვლევის სარწმუნო საბოლოო შედეგების დადგენას ერთიდან ორ თვემდე სჭირდება მოქმედი საეთაშორისო და ეროვნული გაიდლაინების შესაბამისად. შედარებისათვის, გ. ცეცხლაძემ ეროვნულ ცენტრს მიმართა 18 დეკემბერს, ხოლო საბოლოო დიაგნოზი 25 იანვარს დაისვა, როცა იგი უკვე საზღვარგარეთ იმყოფებოდა…).

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის მრავალრიცხოვანი თანამშრომლების სახელით მოვითხოვთ   პრაიმ-შოუს უახლოეს გადაცემაში ტელემაყურებელს მიეწოდოს სწორი, სარწმუნო და სანდო ინფორმაცია, ვინაიდან, საჯარო სივრცეში გაჟღერებული თუნდაც ერთი არასწორი ფრაზა მოსახლეობას უკარგავს ნდობას ქართული მედიცინის მიმართ და აგრესიულად განაწყობს მისი წარმომადგენლებისადმი. ჩვენი განსაკუთრებული გულისწყრომა უკავშირდება აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მაშინ, როდესაც ფტიზიატრია-პულმონოლოგიის ქართული სკოლა და ანტიტუბეკულოზური ქსელი დღესდღეობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიჩნეულია ერთგვარ მოდელად, სანიმუშოდ (იხილეთ მსოფლიო ექსპერტთა მოსაზრებები და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები), როდესაც ტუბერკულოზით ავადობის მაჩვენებელი ჩამოცდა ისტორიულ ზღვარს და 2018 წელს დაფიქსირდა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოს ისტორიაში (სტატისტიკურად სარწმუნო ინფორმაციის მოპოვების შემდეგ), ხელაღებით ხდება ამ ურთულესი და უმნიშვნელოვანესი სამუშაოს გაუფასურება და ერთი არასწორი – ცრუ ინფორმაციის საფუძველზე მრავალრიცხოვან მედიკოსთა თავდაუზოგავი საქმიანობისათვის ხაზის გადასმა! და ეს მაშინ, როდესაც ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია თითოეული პაციენტი, მისი სიცოცხლე, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი პროფესიული ღირსება და ჭეშმარიტება.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა შემთხვევა, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს სამედიცინო პერსონალის შეცდომას (რაც, სამწუხაროდ, არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ, ამერიკისა თუ ევროპის მოწინავე ქვეყნებშიც არაიშვიათია), საზოგადო განსჯამდე უნდა განიხილონ პროფესიონალთა – ექსპერტთა ჯგუფში და საზოგადოებას უნდა მიეწოდოს მხოლოდ დაბალანსებული, სარწმუნო ინფორმაციის სახით.