DOTs სტრატეგია

გასული საუკუნის 90-იან წლებში ტუბერკულოზის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ჯანმომ შეაფასა როგორც უკიდურესად მძიმე, და მსოფლიოს ქვეყნებს 1993 წელს შესთავაზა ამ დაავადებასთან ბრძოლის ახალი სტრატეგია.

ახალი, DOTS (Directly Observed therapy, short-curse) სტრატეგიის არსი მდგომარეობს ტუბერკულოზზე სრულყოფილი კონტროლის სისტემის შექმნაში, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებაში სიკვდილობის, ავადობის, დაავადების გავრცელების შემცირებასა და ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებისადმი რეზისტენტობის განვითარების პრევენციას.  ეს ხორციელდება ტუბერკულოზის შემთხვევათა გამოვლენის, დიაგნოზირების, მკურნალობის, პრევენციისა და ეპიდზედამხედველობის სტანდარტული ღონისძიებების მეშვეობით. სტრატეგიის ქვაკუთხედია მისი წარმოშობის საფუძველი – DOT ანუ მოკლევადიანი ქიმითერაპია უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ.

დღეისათვის DOTs სტრატეგია 190-ზე მეტ ქვეყანაშია დანერგილი. ამ სტრატეგიის წარმატებით რეალიზაციის გზით არაერთმა ქვეყანამ შეძლო საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების შეჩერება და მნიშვნელოვნად შეცვალა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია.

DOTs სტრატეგიის სრული მოცულობით დანერგვისა და ტუბერკულოზზე სრულფასოვანი კონტროლის დაწესების მიზნით, აუცილებელია შესრულდეს ამ სტრატეგიის 5 ძირითადი ელემენტი:

  • ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერა,
  • ტუბერკულოზის შემთხვევათა უპირატესად პასიური გამოვლენა ნახველის ნაცხის პირდაპირი მიკროსკოპიის საშუალებით.  
  • სტანდარტული მოკლევადიანი ქიმიოთერაპია (პრიორიტეტი ენიჭება მგბ (+) შემთხვევებს)
  • ძირითადი ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებით რეგულარული და უწყვეტი უზრუნველყოფა
  • შემთხვევათა გამოვლენისა და მკურნალობის შედეგებზე მონიტორინგის დაწესება და სუპერვიზია (პროგრამისსუპერვიზია, მონიტორინგი, შეფასება)

 

DOTs სტრატეგიაზე დაფუძნებული ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პროგრამები

DOTs -plus

რეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის ჯანმოს მიერ შემუშავებულია DOTs –plus სტრატეგია, რომელიც განიხილება არა როგორც  DOTs სტრატეგიის ალტერნატივა, არამედ იგი მის გაგრძელებას წარმოადგენს.

DOTs –plus – ის კონცეპცია მოიცავს D DOTs სტრატეგიის 5 ძირითად ელემენტს და დამატებით MDR-თან დაკავშირებულ სპეციფიკურ საკითხებს, მისი დანერგვა შესაძლებელია, როდესაც ქვეყანაში სრულფასოვნად არის დანერგილი DOTs  სტრატეგია (ანუ მიღწეულია შემთხვევების გამოვლენა 70%ში და ამ შემთხვევების წარმატებული მკურნალობა 85%-ში).

DOTs –plus მიზანია მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის შემდგომი განვითარების და გავრცელების თავიდან აცილება.  DOTs –plus სტრატეგია გულისხმობს რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობას II რიგის ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებით, საშუალოდ 18-24 თვის განმავლობაში .

 

DOTs –plus მოიცავს შემდეგ ძირითად პრინციპებს:

1) პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა ტუბერკულოზისა და რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობისათვის;

2) ადამიანების და ფინასური რესურსების ინვესტიციის ხანგრძლივი დროის მანძილზე უზრუნველყოფა;

3) სახელმძღვანელოს არსებობა;

4)მულტირეზისტენტული შემთხვევების მკურნალობისათვის სპეციალიზირებული ერთეულის (განყოფილება) არსებობა;

5) სპეციალიზირებული ლაბორატორიების არსებობა, რომლებიც განახორციელებენ მგრძნობელობის ტესტს;

6) მისაღები სამკურნალო რეჟიმების განსაზღვრა II რიგის მედიკამენტებით;

7) II რიგის მედიკამენტების მარაგის არსებობა;

8) პაციენტების მკურნალობისადმი დამყოლობის უზრუნველყოფა;

9) სპეციალიზირებული კოჰორტული ანალიზის წარმოება;

 

ტუბერკულოზის შეჩერების ახალი გლობალური პროგრამა “Stop TB Partnership”-2006-2015

მსოფლიოში ტუბერკულოზის გავრცელების შესაჩერებლად სოციალური და პოლიტიკური მოძრაობის დაჩქარების მიზნით, 2000 წელს ჩამოყალიბდა გლობალური მოძრაობაპარტნიორობა შევაჩეროთ ტუბერკულოზი“.

პარტნიორობის გეგმაა, აღმოფხვრას საზოგადოების ჯანმრთელობის ერთერთი მთავარი პრობლემატუბერკულოზი და საბოლოოდ გაათავისუფლოს მსოფლიო ამ დაავადებისგან. პარტნიორული მოძრაობა 400-ზე მეტი საერთაშორისი ორგანიზაციათა ქსელისაგან შედგება: ქვეყნები, საზოგადოებრივი და კერძო სექტორების დონორები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ცალკეული პიროვნებები.

 

რას მივაღწევთ, თუკი განვახორციელებთ გეგმას:

ტუბერკულოზის შეჩერების სტრატეგიის დანერგვა გაზრდის მაღალხარისხიანი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობას ყველასათვის; ამ გეგმის განხორციელების ათი წლისათავზე ტუბერკულოზის შეჩერების სტრატეგიით უკვე დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი იქნება ნამკურნალები, მათ შორის დაახლოებით 800 000 რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული, დაახლოებით 3 მილიონი პაციენტი კი როგორც ტუბერკულოზით, ასევე შიდსის ვირუსით იქნებიან ინფიცირებულნი, რომლებსაც ანტირეტროვირუსული თერაპია ჩაუტარდებათ; 2006 წლიდან 2015 წლამდე დაახლოებით 14 მილიონი სიცოცხლე იქნება გადარჩენილი; 2010 წლისათვის პირველად უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ახალი ანტიტუბერკულოზური წამალი იქნება წარმოდგენილი, რომელსაც 2015 წლისათვის უფრო მოკლევადიანი (1-2 თვე) სამკურნალო რეჟიმი მოჰყვება; 2010 წლისათვის დიაგნოსტიკური ტესტები საშუალებას მოგვცემენ სწრაფად და იაფად გამოვავლინოთ აქტიური ტუბერკულოზი. 2012 წლისათვის ლატენტური (ფარული) ტუბერკულოზის მქონე შემთხვევების გამოვლენაც გახდება შესაძლებელი. 2015 წლისათვის ხელმისაწვდომი გახდება ახალი, უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც მომდევნო წლებში ტუბერკულოზის კონტროლში დიდი პოტენციური შესაძლებლობა ექნება.