ძირითადი ცნობები

ტუბერკულოზი გადამდები დაავადებაა. იგი ვრცელდება ფილტვის ფორმით დაავადებული ბაცილგამომყოფი პირის მიერ საუბრის, ხველის, ცემინების დროს.

ტუბერკულოზის გამომწვევის მოხვედრა სასუნთქ გზებში ყოველთვის არ იწვევს ინფიცირებას და დაავადებას. თუ გამომწვევი ფილტვის ქსოვილამდე მაინც მიაღწევს, მას ორგანიზმის დაცვითი ძალები აუვნებლებენ ან ბოჭავენ. ამ დროს ადამიანი ინფიცირებულია, მაგრამ არა დაავადებული.  

დაავადება ვითარდება მხოლოდ ორგანიზმის დასუსტებისას. ასე ხდება კვების, ყოფითი და შრომის პირობების გაუარესებისა და ხანგრძლივი დაავადებების გადატანის დროს თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებისას, განსაკუთრებით ასუსტებს იმუნიტეტს შიდსი, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, სიმსივნური და კუჭნაწლავის წყლულოვანი დაავადებები.

ტუბერკულოზზე ეჭვის მიტანა ხდება 2-3 კვირაზე მეტად გახანგრძლივებული ზოგადი სისუსტის, უმადობის, ოფლიანობის, ტემპერატურის მატებისა და წონაში კლებისას, როცა ამ სიმპტომების გამომწვევი სხვა მიზეზი არ დგინდება.

ფილტვის ტუბერკულოზის დროს, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება, ამას ემატება მდგრადი ხველა ნახველით ან მის გარეშე, ზოგჯერ სისხლიანი, სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი გულმკერდის არეში.

ამ სიმპტომების გამოწვევა შეუძლია სხვა დაავადებებსაც. ამიტომ დიაგნოზის დასასმელად პაციენტს უტარდება რენტგენოლოგიური და ბაქტერიოლოგიური კვლევა.

რენტგენოლოგიური კვლევით დგინდება ფილტვის ან სხვა ორგანოს დაზიანების ხარისხი.

ბაქტერიოლოგიური კვლევით დგინდება, შეიცავს თუ არა ნახველი ტუბერკულოზის გამომწვევ ბაქტერიებს.

თუ ნახველი შეიცავს გამომწვევს, ისმება ტუბერკულოზის დიაგნოზი. ასეთ დროს პაციენტი გადამდებია მკურნალობის დაწყებამდე და დაწყებიდან 3-4 კვირის განმავლობაში.

თუ ნახველი გამომწვევს არ შეიცავს, ექიმი სიმპტომებისა და მკურნალობის შედეგების მიხედვით  ადგენს სხვა დაავადებას ან ტუბერკულოზის ისეთ სტადიას, რომლის დროსაც გამომწვევის გამოყოფა გარემოში არ ხდება. ასეთ დროს პაციენტი არ არის გადამდები.

ტუბერკულოზის დადგენის შემთხვევაში დაავადებულს უტარდება I რიგის ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატებით  უფასო მკურნალობა მედპერსონალის უშალო ზედამხედველობის ქვეშ 6-8 თვის განმავლობაში. თუ დაავადების გამომწვევი I რიგის პრეპარატებიდან რომელიმე ან რამოდენიმე წამლის მიმართ გამძლე აღმოჩნდება, ისმება წამალგამძლე, ანუ რეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოზი და დაავადებულს უტარდება II რიგის პრეპარატებით უფასო მკურნალობა 18-24 თვის მანძილზე.  

გამძლეობის განვითარებას იწვევს წარსულში არასწორად ჩატარებული ან შეწყვეტილი მკურნალობა. რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პირთან კონტაქტისას, შესაძლებელია, ადამიaნი თავიდანვე  გამძლე მიკრობით დაავადდეს. ასეთ შემთხვევაში პირველადად რეზისტენტული ტუბერკულოზი ვითარდება.

ამიტომ, მნიშვნელოვანია:

* ყველა ტუბდავადებულმა უწყვეტად იმკურნალოს ტუბდაწესებულებაში, სპეციალისტების მეთვალყურების ქვეშ და რეჟიმის ზუსტი დაცვით.

  • გადამდებ სტადიაში ტუბდაავადებულმა თავი შეიკავოს ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისა და ღია კონტაქტისაგან, ატაროს ნიღაბი, ხველისას აიფაროს ხელი ან ერჯერადი ხელსახოცი, ხშირად გაანიავოს ოთახი.

ტუბერკულოზი არ ვრცელდება ყოფითი მოხმარების ნივთებითა (ჭურჭელი, თეთრეული, წიგნები)  და ყოფითი კონტაქტით (კოცნით, ხელის ჩამორთმევით).

ტუბდაავადებულის მიერ მკურნალობაზე უარი ან შეწყვეტა ნიშნავს საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფას, ასევე სხვათა სიცოცხლისათვის საფრთხის შეგნებულად შექმნას.

ტუბერკულოზით დაავადების შიშის გამო ოჯახის წევრების, ახლობლებისა და საზოგადოების მიერ ტუბდაავადებულის გარიყვა, სამსახურიდან დათხოვნა, ოჯახიდან გაგდება ასევე მიუღებელია, რადგან უმრავლეს შემთხვევაში ეს იწვევს პაციენტის გაუცხოებას, უიმედობას, უკარგავს მას მკურნალობის გაგრძელების სურვილს და შესაბამისად, განკურნების შანსს.

ტუბდაავადებულთან კონტაქტში მყოფმა ახლობლებმა და თანამშრომლებმა. ყოველმხრივ უნდა შეუწყონ ხელი პაციენტს მკურნალობის დასრულებაში. ტუბდაავადებული, რომელიც წარმატებით მკურნალობს, აღარ არის გადამდები მკურნალობის დაწყებიდან რამოდენიმე კვირაში და მითუმეტეს, განკურნების შემდეგ.

ტუბერკულოზი იკურნება!