კითხვა: დაახლოებით ერთი თვეა მახველებს, შეიძლება ტუბერკულოზით ვიყო ავად?

პასუხი: 2 კვირაზე მეტად გახანგრძლივებული ხველა ტუბერკულოზისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ნიშანია და თუ თქვენ ამასთან ერთად  გაქვთ დაბალი სიცხე, ღამის ოფლიანობა, თავს სუსტად გრძნობთ, წონაში დაიკელით, ან ნახველში სისხლი შეამჩნიეთ აუცილებლად გჭირდებათ ფთიზიატრის, ანუ ტუბერკულოზის ექიმის კონსულტაცია. ის თქვენ შესაბამის გამოკვლევებს ჩაგიტარებთ და გეტყვით ტუბერკულოზით ხართ ავად, თუ რაიმე სხვა დაავადებით, რომლისთვისაც ზემოთ ჩამოთვლილი ჩივილები ასევე შეიძლება იყოს დამახასიათებელი.

კითხვა: თვეზე მეტია თავს სუსტად ვგრძნობ, ჭამა არასდროს მიყვარდა, მაგრამ ახლა საერთოდ დღე ისე გავა რომ საჭმელი არც გამახსენდება, მგონი წონაშიც დავიკელი, შემაწუხებლად არა, მაგრამ მაინც მახველებს, ჩემი ახლობლები უფრო წუხდებიან ჩემი ხველით, ვიდრე მე, ბოლო ერთი კვირაა სიცხეს ვიზომავ და ხანდახან 37.2 – 37.4 მაქვს. ალბათ აჯობებს თუ ექიმთან მივალ და გავესინჯები, მაგრამ არ ვიცი რომელ ექიმთან მივიდე.

პასუხი: ჩივილები, რომლებიც თქვენ გაქვთ ტუბერკულოზისათვის არის დამახასიათებელი და აჯობებს თუ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით თქვენს უახლოეს ტუბდისპანსერში, ტუბკაბინეტში, ან ტუბსტაციონარში შესაბამის ექიმს, ანუ ფთიზიატრს მიმართავთ.

კითხვა: რა გამოკვლევები არის საჭირო იმისათვის, რომ გავიგო ვარ ტუბერკულოზით ავად თუ არა?

პასუხი: ფთიზიატრი გაგესაუბრებათ, ანუ თქვენგან ანამნეზს შეკრიბავს, მოგისმენთ ფონედოსკოპით, მინიმუმ ჩაგაბარებინებთ ნახველს ტუბერკულოზის გამომწვევის აღმოსაჩენად და გადაგაღებინებთ გულმკერდის რენტგენოგრამას თქვენს ფილტვში ტუბერკულოზისათვის დამახასიათებელი ცვლილებების აღმოსაჩენად. შესაძლებელია სხვა დამატებითი გამოკვლევებიც დაგჭირდეთ.

კითხვა: ტუბერკულოზზე გამოკვლევები ძვირი დამიჯდება?

პასუხი: თუ თქვენ ტუბერკულოზზე საეჭვო ნიშნები ნამდვილად გაქვთ და შესაბამის ტუბდაწესებულებას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიმართავთ, მაშინ თქვენ აუცილებელი პირველადი გამოკვლევები უფასოდ ჩაგიტარდებათ, მაგრამ თუ ეს ასე არ არის, მაშინ თქვენ პირველადი გამოკვლევები გარკვეული თანხა დაგიჯდებათ. თანხის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმ კვლევებზე, რომლის ჩატარებაც თქვენს შემთხვევაში გახდება საჭირო  დიაგნოზის დასასმელად.

კითხვა: ტელევიზორში სულ აცხადებენ, ყველგან გამოკრულია, რომ ტუბერკულოზის მკურნალობა უფასოა, არადა ჩემი ახლობელი იყო ტუბსტაციონარში და გამოკვლევებში ფული გადაახდევინეს.

პასუხი: ტუბერკულოზის დიაგნოზის დასმის შემდეგ ტუბერკულოზის მკურნალობა ნამდვილად უფასოა, მაგრამ მხოლოდ დიაგნოზის დადასტურების შემდეგ.  თქვენს ახლობელს სავარაუდოდ  ტუბერკულოზზე საეჭვო ნიშნები გამოხატული არ ჰქონდა, ან ტუბდაწესებულებას საცხოვრებელი მისამართის მიხედვით არ მიმართა, ამიტომ მას პირველად გამოკვლევებში თანხას გადაახდევინებდნენ, მაგრამ თუ მასთან ტუბერკულოზის დიაგნოზი დაისვა მკურნალობა და შემდეგი ყველა გამოკვლევა მას აბსოლუტურად უფასოდ ექნება უზრუნველყოფილი.

კითხვა:ვინ ავადდება ტუბერკულოზით, არსებობს ტუბერკულოზის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები?

პასუხი: რა თქმა უნდა არსებობს, ყველაზე დიდი რისკი ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებულ იმ ადამიანთან უშუალო კონტაქტია, რომელიც მოცემულ ეტაპზე ხველის, ლაპარაკის ან ცემინების დროს გარემოში ტუბერკულოზის გამომწვევს გამოყოფს. ეს გამომწვევი ჰაერში რჩება და თუ თქვენ ამ ჰაერით სუნთქავთ, თქვენს ორგანიზმში ჰაერ-წვეთოვანი გზით ეს გამომწვევი შეაღწევს და თქვენ შეიძლება ტუბერკულოზით დაავადდეთ. რისკი მით უფრო მაღალია, რაც უფრო დახშული, არავენტილირებული, მზის სხივებით ცუდად უზრუნველყოფილია ის გარემო, რომელშიც თქვენ დაავადებულ ადამიანთან ერთად თანაცხოვრობთ.

კითხვა: ჩემი არც ოჯახის წევრი და არც სხვა ახლობელი ტუბერკულოზით არ არის ავად და მე საიდან დავავადდი?

პასუხი: კონტაქტის გზით დაავადება ყველაზე ხშირი, მაგრამ არა ერთადერთი გზაა. ტუბერკულოზის განვითარებას ასევე უწყობს ხელს აივ/შიდსი, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, შაქრიანი დიაბეტი, ხანგრძლივი სტეროიდული მკურნალობა, ცუდი კვება, ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ნერვული სტრესი, ძლიერი ვირუსული ინფექცია და სხვა იმუნოსუპრესიული მდგომარეობები.

კითხვა:შეშუპებული მაქვს, სახსრები, ხანდახან ძალიან მტკივა კიდურები, ხერხემლის პრობლემებიც მაქვს. ახლობელმა, რომელსაც არ ახველებდა და მხოლოდ შარდ-სასქესო სისტემის ჩივილები ჰქონდა, მითხრა: „ფთიზიატრთან ვიყავი, ტუბერკულოზი მარტო ფილტვის დაავადება არ არისო“. რამდენად სწორია ეს ინფორმაცია?

პასუხი: თქვენი ახლობელი მართალია. ყველა ორგანოს ტუბერკულოზი არსებობს, მათ შორის ძვალ-სახსრის და ხერხემლის ტუბერკულოზიც და მიუხედავად იმისა, რომ არ გახველებთ, თუ თქვენს მიერ აღნიშნულ ჩივილებს სისუსტე, დაბალი სიცხე და წონაში დაკლებაც ემატება, მაშინ სასურველია, რომ ფთიზიატრის კონსულტაცია გაიაროთ, მით უმეტეს თუ სხვა დაავადებები უკვე გამორიცხული გაქვთ.

კითხვა: რატომ არის, რომ ტუბერკულოზით დაავადებულები ზოგი სახლში და ზოგიც სტაციონარში მკურნალობენ, თან ზოგი ნახევარ წელიწადში და ზოგიც წელიწადნახევარში ამთავრებს მკურნალობას?

პასუხი: თუ ტუბერკულოზით დაავადებული გამომწვევს არ გამოყოფს და მძიმედაც არ არის მისთვის ამბულატორიული მკურნალობა საკმარისია, ის არავის დაავადების მიზეზი არ გახდება და თავისუფლად შეუძლია სტაციონარის გარეშე იმკურნალოს. სტაციონარში ინფექციური, მწვავე, ან გართულებული პაციენტების მკურნალობა არის აუცილებელი. რაც შეეხება მკურნალობის ხანგრძლივობას, ის სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული და აჯობებს თუ პაციენტი დაუჯერებს ექიმს და უწყვეტად, რეჟიმის ზუსტად დაცვით, იმ ხანგრძლივობით ჩაიტარებს მკურნალობას, რა ხანგრძლივობითაც მას ექიმი დაუნიშნავს.

კითხვა:არ არსებობს ტუბერკულოზის მკურნალობის რაიმე სხვა გზა? ამდენი პრეპარატის ასე ხანგრძლივად მიღება ძალიან ძნელია, დამღლელია და რაც მთავარია, ბევრ დამატებით ჩივილებს იწვევს.

პასუხი: არა, ტუბერკულოზის მკურნალობა მხოლოდ სტანდარტულად, რეჟიმის ზუსტად დაცვით, მედპერსონალის მეთვალყურეობით უნდა მოხდეს. სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. მხოლოდ ფთიზიატრის მიერ შემოთავაზებული მკურნალობით გაქვთ თქვენ განკურნების შანსი, სხვანაირად თქვენ გამუდმებით ავად იქნებით, ოჯახის წევრებსაც მუდმივად დაავადების საფრთხის ქვეშ დააყენებთ და რაც მთავარია, შეიძლება ამ დაავადების გამო გარდაიცვალოთ.

კითხვა: ჩემი ქმარი ტუბერკულოზით არის ავად. მხოლოდ ორი თვე იმკურნალა სტაციონარში და გამოწერეს. სახლში მცირეწლოვანი შვილები მყავს და ძალიან მეშინია მათ არაფერი გადაედოთ. ჩემი ქმარიც მაზლისგან დაავადდა, რომელიც თუ ცუდად არ იყო წესიერად არ მკურნალობდა.

პასუხი: სიფრთხილე გამოიჩინეთ, მაგრამ ნუ გეშინიათ. თუ თქვენი ქმარი სტაციონარში 2 თვე მკურნალობდა და გამოწერეს ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა ის გადამდები აღარ არის და თქვენს შვილებს საფრთხე არ ემუქრებათ. მთავარია ამბულატორიულ რეჟიმში მან მკურნალობა აუცილებლად სწორად გააგრძელოს, თქვენც დაეხმარეთ მას, ნუ აგრძნობინებთ, რომ გეშინიათ, ნუ გაურბიხართ მას. მხარი დაუჭირეთ მკურნალობაში და თქვენი მეუღლეც და თქვენი შვილებიც კარგად იქნებიან.

კითხვა:რაც ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატების მიღება დავიწყე გულის რევის შეგრძნება და თავბრუსხვევა მაქვს, კანზეც გამომაყარა, ასეთ მკურნალობას მირჩევნია საერთოდ არ დავლიო ეს წამლები. 

პასუხი: ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატები ნამდვილად ტოქსიურია, გვერდითი მოვლენები, რომლებსაც თქვენ აღნიშნავთ, დიდი ალბათობით მათი გამოწვეული შეიძლება იყოს, მაგრამ თქვენ ამის გამო არავითარ შემთხვევაში მკურნალობა არ უნდა შეწყვიტოთ. უთხარით თქვენს ფთიზიატრს თქვენი ჩივილების შესახებ და ის მათ მკურნალობაში ტუბსაწინააღმდეგო მკურნალობის შეწყვეტის გარეშედაგეხმარებათ. თუ თქვენ სხვანაირად მოიქცევით ვერ განიკურნებით, თქვენს ორგანიზმში წამლებისადმი გამძლე ტუბერკულოზი განვითარდება, რომლის განკურნება ძალიან ძნელია და შეიძლება ამის გამო გარდაიცვალოთ კიდეც.

კითხვა:ვიცი, რომ ტუბერკულოზით ვარ ავად, მაგრამ ეს რომ გავამხილო   ოჯახის წევრები ზურგს შემაქცევენ, საზოგადოების სხვა წევრებზე რომ აღარაფერი ვთქვა. დარწმუნებული ვარ, რომ სამსახურსაც დავკარგავ. მირჩევნია პერიოდულად გავესინჯო ნაცნობ  ექიმთან და როცა თავს ცუდად ვიგრძნობ დავლიო წამლები, რომლებიც ისედაც უკვე ზეპირად ვიცი?

პასუხი: ძალიან არასწორი გადაწყვეტილებაა პირველ რიგში პირადად თქვენთვის. ამ გზით თქვენ ვერასდროს განიკურნებით, მთელი ცხოვრება დაუსრულებელ გამწვავაებებში უნდა გაატაროთ, თან ასეთი ურეჟიმო მკურნალობით აუცილებლად გაგინვითარდებათ რეზისტენტული ტუბერკულოზი, რომლის მკურნალობა ძალიან რთული და ძვირადღირებულია. თქვენი ნაცნობი ექიმი ასე ვერაფრით ვერ შეძლებს იმ მონიტორინგის და უშუალო მეთვალყურეობის განხორციელებას, რომელიც აუცილებელია. ამას ისიც ემატება, რომ თქვენ მუდმივად დაავადების ძალიან მაღალი რისკის ქვეშ დააყენებთ თქვენს უახლოეს ადამიანებს. გაცილებით აჯობებს, თუ თქვენ ერთხელ სრულად იმკურნალებთ, განიკურნებით და შემდგომშიც დაიცავთ ყველა იმ მითითებას, რომელსაც თქვენი ფთიზიატრი მოგცემთ.

თქვენს ინფორმირებას და თქვენს სურვილს დაამარცხოთ ტუბერკულოზი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ყველაფერი კარგად იქნება, ტუბერკულოზი განკურნებადია!