2017 წლის 25-27 აპრილს ბანგკოკში, ტაილანდში, გაიმართა ტუბერკულოზის სამკურნალო მედიკამენტების ფარმაკოუსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი აზიის რეგიონული სამუშაო შეხვედრა/ტრენინგი. შეხვედრა ორგანიზებული გახლდათ ამერიკის განვითარების ფონდის მიერ ბედაქილინის დონაციის პროგრამის ფარგლებში. ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ აზიის წყნარი ოკეანის 10 ქვეყნის (ინდოეთი, ჩინეთი, პაკისტანი, სამხრეთ კორეა, ფილიპინები, ინდონეზია, მალაიზია, მიანმარი, ტაილანდი, პაპუა ახალი გვინეა) წარმომადგენლები ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამებიდან და წამლის მარეგულირებელი შესაბამისი ორგანოებიდან.

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის (ტფდეც) ეპიდზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალბატონი ნინო ლომთაძე, რომელიც ამავდროულად გახლავთ პარტნიორობა Stop TB-ს საერთაშორისო კონსულტანტი ტუბერკულოზის ფარმაკოუსაფრთხოების და კლინიკური მართვის საკითხებში, გახლდათ შეხვედრის 3 მომხსენებლიდან ერთ-ერთი, რომელმაც რამდენიმე მოხსენების სახით მრავალრიცხოვან მსმენელს გააცნო საქართველოში ტფდეც-ს მიერ დანერგილი ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების უსაფრთხოებაზე აქტიური მონიტორინგის და მართვის სისტემა, ჩაატარა პრაქტიკული ლექცია ფარმაკოუსაფრთხოების პრინციპების და არასასურველ მოვლენებსა და მედიკამენტებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შეფასების შესახებ, და მსმენელებს გაუზიარა უკვე დაგროვილი უსაფრთხოების მონაცემების ანალიზის შედეგები.

საქართველოს გამოცდილება ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ტუბერკულოზის მედიკამენტების ფარმაკოუსაფრთხოების კუთხით, რომელმაც დიდი ინტერესი დაიმსახურა უკვე აზიის ქვეყნებშიც, რომელთა წარმომადგენლებმაც გამოთქვეს ამ გამოცდილების გაზიარების სურვილი და მზაობა.

ფოტოები:

 

Leave a Comment