დღეს, 26 სექტემბერს პირველად, გაეროს გენერალურ ასამბლეაში გაიმართება მაღალი დონის შეხვედრა ტუბერკულოზის, როგორც მსოფლიო პრობლემის დასრულებასთან დაკავშირებით,  სათაურით  „გავერთიანდეთ, რათა დავამარცხოთ ტუბერკულოზი: მყისიერი პასუხი გლობალურ ეპიდემიას“.   ეს იქნება ისტორიაში ტუბერკულოზთან დაკავშირებულ ფორუმებს შორის ყველაზე გადამწყვეტი პოლიტიკური შეხვედრა, რაც კი  ოდესმე ჩატარებულა.  შედეგად ჩვენ მივიღებთ სახელმწიფო მეთაურების მიერ დამტკიცებულ  პოლიტიკურ დეკლარაციას ტუბერკულოზზე, რაც თავის თავში მოიცავს დაავდებაზე გლობალური პასუხის დაჩქარების გზებსა და კოორდინირებას, რათა გადავარჩინოთ მილიონობით სიცოცხლე და დავიცვათ ადამიანები ამ ვერაგი დაავადებისაგან.

იმისათვის, რომ მაქსიმალური ყურადღება მივიქციოთ  ამ თემასთან დაკავშირებით, დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს მსოფლიოს ქალაქებს,  შეუერთდნენ გლობალურ მოძრაობას ლოზუნგით: „გავანათოთ ქალაქის ღირშესანიშნავი ობიექტები წითლად“. ამ ნიშნით, თბილისში წითლად აინთო სატელევიზიო ანძა.