ტუბერკულოზის კონტროლის კუთხით მიღწეული წარმატებების მიუხედავად, იგი კვლავაც რჩება როგორც მსოფლიოს, ასევე ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გამოწვევად. საქართველოში ტუბერკულოზის შემთხვევების გამოვლენა ძირითადად შემთხვევების პასიური ძიების შედეგად ხდება. პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებლები პასუხისმგებელნი არიან ტუბერკულოზის სავარაუდო შემთხვევების იდენტიფიცირებაზე და დიაგნოსტიკისათვის მათ რეფერირებაზე ტუბერკულოზის სპეციალიზირებული მომსახურების ცენტრებში.

FAST-ის სტრატეგია წარმოადგენს შერჩეულ ღონისძიებათა ნაკრებს, რომელიც მიმართულია სამედიცინო დაწესებულებაში ტუბერკულოზის გავრცელების შემცირებისკენ.

უშუალოდ ამ სტრატეგიის დასახელება შემდეგ შინაარს მოიცავს:

  • Finding – მოძიება/გამოვლენა
  • Actively — აქტიურად
  • Separating — სეპარაცია/განცალკევება
  • Treating — მკურნალობა.

წარმოდგენილი სტრატეგია ითვალისწინებს სამედიცინო დაწესებულებაში ისეთი პაციენტების მოძიებას, რომელთაც ტუბერკულოზზე საეჭვო ნიშნები აქვთ. ტუბერკულოზური ინფექციის გავრცელების კუთხით ყველაზე საშიშია ის პაციენტები, რომლებმაც არ იციან თავისი დაავადების შესახებ და შესაბამისად, არც მკურნალობას იტარებენ. ამ მიზნით დაწესებულებაში უნდა ხორციელდებოდეს აქტიური ზედამხედველობა ხველაზე, როგორც ტუბერკულოზის ერთ-ერთ წამყვან სიმპტომზე. FAST-ის სტრატეგიის ამოსავალი არის ეფექტური მკურნალობა, როგორც გავრცელების პრევენციის ყველაზე მაღალი ეფექტის მქონე ინტერვენცია. ამაში კი, სწრაფი მოლეკულური დიაგნოსტიკის მეთოდების ხელმისაწვდომობა განსაკუთრებულ როლს თამაშობს. სხვადასხვა პერიოდში, აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) და სხვა დონორების დაფინანსებით შეძენილ იქნა 38 ერთეული GeneXpert-ის აპარატი. აპარატები ქვეყნის მასშტაბით 30 ლაბორატორიულ, სტაციონარულ და ამბულატორიულ დაწესებულებაშია განთავსებული.

საქართველოს პულმონოლოგთა და ფთიზიატრთა ასოციაციის ეგიდით, ზოგადი პროფილის იმ სამედიცინო დაწესებულებათა  პერსონალს, სადაც განთავსებულია GeneXpert-ის აპარატები, ჩაუტარდათ ტრეინინგი თემაზე „FAST-ის სტრატეგია ზოგადი პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში. სასწავლო კურსი ჩატარდა თბილისის ნიუ ჰოსპიტალსსა, ქუთაისის ლჯ-სა და მარნეულის მედ-X-ში, ჯეოჰოსპიტლისა (გარდაბანი, საგარეჯო, დუშეთი,ჭიათურა, ზესტაფონი) და  ევექსის (თბილისი, ყვარელი, წყალტუბო, ხულო, ქობულეთი, წალენჯიხა, თერჯოლა, ახალქალაქი) სამედიცინო დაწესებულებებში. ტრენინგების მიზანს წარმოადგენდა სამედიცინო დაწესებულებების პერსონალის მომზადება ტუბერკულოზის ინფექციის ტრანსმისიის რისკის შემცირების მიზნით ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების აქტიური გამოვლენა და დროული რეფერალი ფთიზიატრთან შემდგომი დიაგნოსტიკის და რელევანტური მკურნალობის დროულად დასაწყებად. სასწავლო კურსი გაიარეს სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პირველადი რგოლის ექიმებმა  და ექთნებმა, ასევე ადმინისტრაციულ/მენეჯერული პერსონალისთვის.  სწავლება ჩაუტარდა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების 673  თანამშრომელს. სასწავლო კურსი ითვალისწინებდა ორ მოდულს:

  • ყველაფერი ტუბერკულოზის შესახებ (:ტუბერკულოზის ფაქტები, ფორმები და განმარტებები;

ეტიოლოგია და ტრანსმისიის გზები;სიმპტომები და რისკ-ჯგუფები; პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა)

  • FAST სტრატეგია ზოგადი პროფილის სტაციონარებსა და ამბულატორიებში ( FAST სტრატეგიის მიზანი და ამოცანები; FAST-ის ღონისძიებები ამბულატორიულ დაწესებულებებში; FAST-ის ღონისძიებები სტაციონარულ პაციენტებთან;

ნახველის შეგროვება;Xpert MTB/RIF ტესტი;FAST სტრატეგიის მონიტორინგი და შეფასება)

ტრენინგებმა (ტრენერები: ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში, პროფ. ნანა ქირია; თსსუ ფთიზიატრიის დეპარტამენტის პედაგოგი ნელი სოლომონია) ნათლად წარმოაჩინა FAST სტრატეგიის სწორად დანერგვისა და განხორციელების მნიშვნელობა ტუბერკულოზური ინფექციის რეზერვუარის შესამცირებლად, აგრეთვე ხელი შეუწყო სამედიცინო პერსონალის საბაზისო ცოდნის განახლებას ფთიზიატრიული კუთხით.  სასაწავლო კურსმა  მონაწილეთა მაღალი შეფასება დაიმსახურა.